შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გადადგა. კახა საბანაძემ გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. თანამდებობის დატოვების მიზეზად კი უწყების უკვე ყოფილმა მაღალჩინოსანმა მედიაში რამდენიმე დღის წინ გასული სიუჟეტები დაასახელა. ჩანაწერებში სავარაუდოდ კახა საბანაძე 20 ივნისის ღამეს სამართალდამცველებს მოუწოდებდა, დაეზიანებინათ ხმის გადამცემი მოწყობილობები, რათა ოპოზიციურ ლიდერებს მომიტინგეებამდე ხმა ვერ მიეწვდინათ. ხმაურიანი ბრალდებების წყარო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ივანე გულაშვილიცაა. გულაშვილის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე მას ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა და დავალებებს აძლევდა.
საბანაძე ჩანაწერების ავთენტურობაზე არაფერს ამბობს, ისევე როგორც სიუჟეტებში გაჟღერებულ ბრალდებებზე. თუმცა განმარტავს, რომ თანამდებობას ახლა სწორედ საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით ტოვებს. საბანაძის განცხადების გავრცელებიდან მალევე, საგამოძიებო უწყებამ გამოძიება დაიწყო. ირაკლი შოთაძის უწყება იკვლევს ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევას და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს.
პროკურატურის განცხადებით შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი უახლოეს პერიოდში გამოძიების კითხვებს უპასუხებს. თუმცა მანამდე ოპოზიციამ კახა საბანაძის განცხადებაში ერთი მესიჯი ამოიკითხა, რომელიც მათი შეფასებით, მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირებაზე მიუთითებს.
კახაბერ საბანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. ის ყოფილი პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას კადრად ითვლება. სწორედ ამიტომ,პოლიტიკურ კულუარებში არ გამორიცხავენ, საბანაძე ახლა გახარიას დაანონსებული პოლიტიკური გეგმების ერთ-ერთი მონაწილე იყოს. თუმცა, ვიდრე პოლიტიკური მომავალი გაირკვევა, ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი შესაძლოა 20 ივნისის საქმეზე, ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს.