ახალციხელი ექთნის გარდაცვალების გამო დღეს ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, ახალციხელ ექთანს გუშინ ყველა ჩარევა დროულად ჩაუტარდა და ტრანსპორტირებისთვის ერთი წუთი არ დაკარგულა. მომხდარი შემთხვევის ფონზე, სამინისტრო ასტრაზენეკათი ვაქცინაციას მაინც აგრძელებს, თუმცა პროცესი მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება, რომელიც სამინისტროს ინფორმაციით ქვეყანაში სულ 40-ია.
ვაქცინაციის შემდეგ ალერგიული რეაქცია კიდევ ერთ მედიკოსს განუვითარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონროლის ცენტრის დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, საქმე ანაფილაქსიურ შოკს ეხება თუ არა. მისივე თქმით, ქალი ამჟამად თავს კარგად გრძნობს. გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციისთვის იმუნიზაცია უნდა გაგრძელდეს, რადგან მას სხვა ალტერნატივა არ აქვს.