12 წუთიანი ინტერვიუ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეზე და აღიარება პირდაპირ ეთერში – სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელებიდან მესამე დღეს მომღერალი ბერა ივანიშვილი “იმედის” ეთერში გამოჩნდა და შაბათს, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების ავთენტურობა ირიბად დაადასტურა. “იმედის” ეთერში ბერამ პირდაპირ თქვა რომ თუ მას და მის ოჯახს შეურაცხყოფას ისევ მიაყენებენ, ის მზადაა ასეთ ადამიანებს პასუხი პირადად მოსთხოვოს.
გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა, თუმცა საზოგადოების ნაწილის პროტესტი დღეს მმართველ გუნდში ისევ არ გაიზიარეს. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვა შეურაცხყოფისგან და მუქარისგან თითოეული ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა. “ოცნებაში” ისევ მკაფიოდ ამბობენ, რომ ჩანაწერები ფალსიფიცირებულია, გუშინდელ ინტერვიუში კი ბერას მისი ავთენტურობა არ უღიარებია.
პირდაპირ ეთერში ბერა ივანიშვილის პირველი ინტერვიუს მოსმენის შემდეგ ოპოზიცია უკვე საბოლოოდ დარწმუნდა რომ “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული აუდიო მასალა ნამდვილია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ გუშინდელი საჯარო აღიარების შემდეგ შოთაძის უწყებამ ახლა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და გამოძიება ჩანაწერების შინაარსზეც დაიწყოს.
გენერალურმა პროკურატურამ საქმეზე გამოიძიება 3 დღიანი ფიქრის შემდეგ გუშინ დაიწყო. უწყებამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საინტერესოა მხოლოდ ჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების გზები, თუმცა არა მისი შინაარსი. მიუხედავად იმისა რომ სკანდალური აუდიჩანაწერების გამოქვეყნებიდან უკვე საკმარისზე მეტი დრო გავიდა, მედიასთან ისევ არ ჩანს პრემიერი ღარიბაშვილი. ის არც დღევანდელ უმრავლესობის სხდომას ესწრებოდა.