მთავრობა კომენდანტის საათის გაუქმების ან დროის შემცირების საჭიროებას ჯერ კიდევ ვერ ხედავს | 09.03.2021

საქართველო კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინის ჯერ მხოლოდ მოლოდინის რეჟიმშია. უკვე ერთი კვირაა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაქცინის ჩამოსატანად ინდოეთშია წასული. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ვაქცინის მომწოდებლებთან მოლაპარაკებები გრძელდება და იმედოვნებს, რომ ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა მარტის ბოლოს დაიწყება.თამარ გაბუნიას თქმითვე, განიხილება ჩინური ვაქცინებიც.

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, პაციენტი ვირუსით ხელახლა  დაახლოებით სამი თვის შემდეგ დაინფიცირდა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, პაციენტი ხანდაზმული არ არის და ვირუსი ორივე შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს.

დღეიდან კვლევა იწყება , რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თქმით, პროცესი COVID-19-თან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მოქალაქეებს კორონავირუსის ანტისხეულებზე გამოიკვლევენ, კვლევის შედეგები კი 20 დღეში გახდება ცნობილი.