საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ბრალდებული მეცნიერები კვლავ საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სხვა პირებიც მიეცემიან პასუხისგებაში, ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დავალება ზემდგომი პირებისგან არასდროს არ ჰქონია.
მხარეების ინფორმაციით, დავით გარეჯის საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოში პრემიერ-მინისტრი დაიკითხება. სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში მიიღო პროკურატურამ ძალოვანი უწყებიდან გახმაურებულ საქმეზე, წერილობითი ინფორმაცია.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომელთაც პროკურატურა საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებს ედავება, სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს გათავისუფლდნენ. სასამართლომ თითოეულ მათგანს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. ბრალდების მხარის განმარტებით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ. ირაკლი შოთაძის უწყება ახლა სწორედ დავალების გამცემი პირების დადგენას ცდილობს.