აქციების და დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას კიდევ ერთ შანსს აძლევს. მესიჯი პატიმრობის შემდეგაც უცვლელია. ირაკლი შოთაძის უწყება განმარტავს, რომ მზად არიან გირაოს გადახდის შემთხვევაში სასამართლოს ისევ მელიას გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართონ. პროკურატურა ირწმუნება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ციხეში გაშვება მათი მიზანი არასდროს ყოფილა. პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა კი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობამ განაპირობა.
პროკურატურის შეთავაზებაზე ნიკა მელიას პასუხი ისევ უარია. დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ნიკა მელიას ადვოკატები “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და დიტო საძაგლიშვილი მივიდნენ. იურისტები ამბობენ, რომ პროკურატურის შეთავაზება გირაოს ხელახლა დაკისრებაზე, აბსურდულია.
ოპოზციაში აცხადებენ, რომ შოთაძის უწყების განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა, იმის, რომ მართლმსაჯულების სისტემას ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ოპოზიციის ბრალდებები კვლავ აბსურდულია მმართველი გუნდისთვის. “ქართული ოცნების” დეპუტატების თქმით, პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავება მათი თვითმიზანი არ არის. უმრავლესობის წევრები ამბობენ,რომ ნიკა მელიამ მისი საქმე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და ციხის გზა თავად აირჩია.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი. ნიკა მელია სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს.