აპირებს თუ არა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას – მთავრობის მეთაური ამბობს, რომ არსად წასვლას არ აპირებს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გიორგი გახარიას შეფასებით ამ თემაზე საუბარი უკვე მომაბეზრებელი გახდა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს გუნდში არსებული დაპირისპირებაც გამორიცხა. გიორგი გახარია უარყოფს ირაკლი კობახიძესთან უთანხმოებას და აცხადებს, რომ კობახიძე “ქართული ოცნების” ღირსეული ლიდერი და მისი კარგი მეგობარია. დაპირისპირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია კი პრემიერის თქმით, სპეკულაციაა.
“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირებას ჭორს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოგონილია, რომელსაც საბოტაჟის და დესტაბილიზაციის გეგმა ჩაუვარდა. მთავრობაში საკადრო გადაადგილებებს უარყოფს თავდაცვის მინისტრიც, რომელიც აცხადებს, რომ მსგავს ინფორმაციას დესტრუქციული ოპოზიცია ავრცელებს, რომელიც ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნით არის დაინტერესებული.