თითქმის ერთწლიანი წლიანი პაუზის შემდეგ, აჭარის რეგიონის სკოლებში ზარი დღეს პირველად დაირეკა | 01.02.2021

2020-2021 წლის სასწავლო პროცესის დასრულებამდე 4 თვე დარჩა, თუმცა აჭარის რეგიონში არსებულ სკოლებში ზარი დღეს, პირველად დაირეკა. თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ, მოსწავლეებს კვლავ მიეცათ საშუალება, სწავლა, საკლასო ოთახებში განაგრძონ.

საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, სურვილის შემთხვევაში, კვლავ ძალაში რჩება დისტანციური სწავლების მეთოდი. ამისათვის მშობლებმა განაცხადი ოთხშაბათამდე უნდა წარადგინონ.

ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას რეგულაციების მკაცრად დაცვა მოეთხოვება. პროტოკოლი, სასკოლო სივრცეში მოსწავლეთა ნაკადების მართვას, თერმოსკრინინგსა და ჰიგიენის დაცვას ითვალისწინებს. ბათუმის ნომერ პირველი საჯარო სკოლის დირექტორის განმარტებით, გაკვეთილის ხანგრძლივობა 40-დან 35 წუთამდე შემცირდა.

შუახევში, სოფელ ცინარეთის დაწყებითი საჯარო სკოლა ერთადერთი აღმოჩნდა აჭარაში, სადაც სასწავლო პროცესი დღეს  არ განახლდა. მიზეზი, პედაგოგთა ინფიცირება გახდა. კორონავირუსი 3 მასწავლებელს დაუდასტურდა.

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ზესტაფონის რაიონშიც, სადაც დღეს მთავრობის მეთაური, განათლების მინისტრთან ერთად ჩავიდა და  სოფელ ზედა საქარის ახლად აშენებული სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.  გიორგი გახარიას  თქმით, პედაგოგებისა და მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის,  ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, 2 კვირაში ერთხელ, მასწავლებლებისა  და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სულ მცირე 20%-ს სავალდებულო ტესტირება უტარდება.