ქსენოფობია ამბიონიდან და მითები კორონავირუსზე – დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგება უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში განხილვის საგანია. სკანდალური გზავნილები სასულიერო პირმა 24 იანვარს გააკეთა. ჭიათურაში მოღვაწე სასულიერო პირი საკვირაო ქადაგებაში, პანდემიაზე საუბრისას, ქართველების განსაკუთრებულ გენეტიკურ სიძლიერეზე საუბრობს, ბავშვებს ამშვიდებს და საბოლოოდ ფიქრობს, რომ თუ ადამიანი “შტერივითაა”, ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს.
დეკანოზი არ მორიდებია ხელფასზე საუბარსაც. ფიქრობს,რომ რადგან ჭიათურაში მსახურობს, თვეში ერთხელ 1000 ევრო უნდა გადაუხადონ.
სასულიერო პირი ამბიონიდან მრევლს სიკეთის გაცემის შესახებ ესაუბრებოდა, რა დროსაც სომხების მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია გამოიყენა და ისინი წარმოაჩინა ადამიანებად, რომელთათვისაც მიუღებელია რაიმეს გაცემა. ქადაგებაში ჩანს სასულიერო პირის ქურდული სამყაროს მხარდაჭერაც.
სკანდალური ქადაგების შემდეგ, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს ჟურნალისტებთან კომენტარი აღარ გაუკეთებია. ეპარქიაში კი მრევლი სასულიერო პირის ქადაგების შინაარსში პრობლემას ვერ ხედავს.
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი მისივე ეპარქიის მღვდელმსახურის საკვირაო ქადაგებას შეცდომად აფასებს. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საკითხს კრებაზე განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
რა სახის საჯელი დაეკისრება დეკანოზს, მეუფე დანიელს არ დაუკონკრეტებია. მამა ანდრია სარია , რომელსაც საპატრიარქომ მღვდელმსახურება შეუჩერა, ამბობს, რომ საკითხი წმინდა სინოდმა დროულად უნდა განიხილოს. მისივე შეფასებით, სარალიძე არ არის ერთადერთი სასულიერო პირი, რომელიც ამბიონიდან მწვავე გზავნილებს ავრცელებს. მამა ანდრია სარია არაერთი მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.
ის რომ სასჯელი მკაცრი უნდა იყოს, ღიად ამბობენ თეოლოგები. გიორგი ტიგინაშვილი ფიქრობს, რომ თადეოზ სარალიძის ქადაგებით ეკლესიის რეპუტაცია ილახება და საპატრიარქოს პასუხიც შესაბამისი უნდა იყოს.
დეკანოზი თადეოზი 20 წელია ჭიათურის ეპარქიაში მსახურობს. მოუწევს თუ არა სკანდალური ქადაგების შემდეგ სასულიერო პირს მრევლთან დამშვიდობება ამ ეტაპზე უცნობია.