ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიღწეული ისტორიული გამარჯვების შემდეგ საქართველოში დღეს იმის გარკვევა დაიწყეს თუ ვისი დამსახურებაა 12 წლიანი დავის მოგება – 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგში გამოტანილ გადაწყვეტილებაში, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წევრები მათ მიღწევას ხედავენ და ერთმანეთს მწვავე ბრალდებებსაც უყენებენ. “ქართული ოცნების” წევრებმა დღეს პირდაპირ თქვეს, რომ გუშინ მთელი საქართველო ზეიმობდა, გარდა ნაცებისა და რუსებისა.
“ქართული ოცნების” მწვავე ბრალდებების ფონზე ოპოზიცია მმართველ გუნდს ისევ უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საქართველო აგვისტოს ომის თემას საერთაშორისო არენაზე სათანადოდ არ ახმოვანებს. ხელისუფლების ოპონენტები ახლა მმართველი გუნდისგან მკაფიო პასუხს ითხოვენ – გაგრძელდება თუ არა დავა გაეროს მართმსაჯულების სასამართლოში.
რამდენად მნივნელოვანია ევროპული სასამართლოს მიერ გუშინ გამოტანილი ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც, ოკუპანტმა რუსეთმა აგვისტოს ომში არაერთი ფუნდამენტური უფლება დაარღვია. ვრცელ განაჩენში პირდაპირაა ნათქვამი, რომ რუსეთი აწამებდა და კლავდა, თუმცა არ არის პასუხი კითხვაზე – რატომ არ ეკისრება პასუხისმგებლობა რუსეთს 8-12 აგვისტოს პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. გადაწყვეტილების მიხედვით, ომის აქტიურ დღეებში რუსეთი საქართველოზე ე.წ ეფექტურ კონტროლს არ ახორციელებდა.
სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პოზიციებს გააძლიერებს ამაზე ერთხმად თანხმდებიან სამხედრო ექსპერტები. მათი თქმით, დოკუმენტებში ასახული რეალობა რუსეთის სასტიკ სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს.
როგორი იქნება საქართველოს ტაქტიკა საერთაშორისო არენაზე და გაგრძელდება თუ არა დავა ჰააგის სასამართლოში – ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ აპრილის ბოლომდე უნდა მიიღოს. სტარსბურგის სასამართლოს 17 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ კი გუშინ უკვე დაადგინა, რომ ერთდაერთი აგრესორი, რომელიც აგვისტოს ომს ჰყავს – პუტინის რუსეთია. განაჩენი კი არ საჩივრდება.