გაჩერებული ეკონომიკის ფონზე გაკოტრების პირას მყოფი ბიზნესი გახსნას ითხოვს და მთავრობას ეკონომიკის გადარჩენის 6 პუნქტიანი გეგმით მიმართავს. 15 ბიზნესასოციაცია სავაჭრო ობიექტების, რესტორნების, სასტუმროების და სამთო სათხილამურო კურორტების გახსნას, ადგილობრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამოქმედებას და საერთაშორისო ფრენების აღდგენას ითხოვს, წინააღმდეგ შემტხვევაში თვლიან, რომ დაღუპვის ზღვარზე არსებული ეკონომიკა უბრალოდ აღარ იარსებებს. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მკაცრი შეზღუდვების გამო უმუშევრად უკვე 250 000 ადამიანი დარჩა და თუ ასე გაგრძელდა უმუშევართა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ისინი ქვეყნის ეპიდემიოლოგებს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ და ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის მესამე ტალღასთან დაკავშირებით სწორედ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო შესაძლოა ეკონომიკა არც თებერვალში გაიხსნას.
ხანგრძლივი ლოქდაუნის პირობებში ქვეყნის მასშტაბით რესტორნების დაახლოებით 70% უკვე გაკოტრდა და როგორც დარგის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი გახსნას ეკონომიკის აღდგენის შემთვევაშიც ვეღარ შეძლებენ. რესტორატორთა ინფორმაციით გაკოტრების საფრთხის წინაშე დგანან მსხვილი ბიზნესებიც. ეკონომიკის გახსნის მოლოდინში მყოფი სექტორი მთავრობისგან დროულ გადაწყვეტილებას ელოდება, ვინაიდან თუ შეზღუდვები 1 თებერვლიდან მოიხსნება ისინი დაგეგმვას და პარტნიორების მოზიდვას, დროის სიმცირის გამო ვეღარ შეძლებენ.
1 თებერვლიდან სავარაუდოდ მუშაობას განაახლებენ სავაჭრო მოლები, თუმცა არსებული რეგულაციების გამო მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნებათ. მათ შორის სექტორისთვის პრობლემურია ათიათასობით თანამშრომლის გადაადგილების საკითხი. სავაჭრო მოლები საზოგადოებრივი ტრანსპრტის აღდგენას და კომენდანტის საათის გადაწევას ითხოვენ. საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარეც.
ეკონომიკის სწრაფად აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობენ ეკონომისტებიც, რომლებიც მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიას უწუნებენ. ამბობენ, რომ საჭიროა ერთგვარი მოდელის შექმნა, რომელიც ბიზნესის გახსნის პარალელურად ეპიდემიოლოგიურ ვითარებას არ დაამძიმებს. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ თუ 1 თებერვლიდან ბიზნესი არ ამუშავდება ეკონომიკის ზიანი გამოუსწორებელი იქნება.
მოიხსნება თუ არა 1 თებერვლიდან მკაცრი შეზღუდვები და მიეცემა თუ არა ბიზნესს მუშაობის აღდგენის საშუალება ჯერ-ჯერობით უცნობია. მთავრობა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, გაკოტრების პირას მყოფი ბიზნესი კი გადარჩენისთვის, ხელისუფლების პასუხს ელოდება.