ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელზეც საგამოძიებო უწყება მუქარას ახორციელებს. თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის Facebook მეგობარმა მას პირადი მიმოწერა გადასცა. გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, ვინმე მარი შარაშიძეს თამარ ბაჩალიაშვილი წერდა – “ჩემო დაიკუნა, ერთი თხოვნა მექნება, მე თუ რამე დამემართება დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე. წავშლი შენ ესემესებს. არ მინდა გაიგონ რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო.”
თეონა თამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი ფიგურანტი, მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე,მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.
ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მარი შარაშიძის პირადი მიმოწერა, პროკურატურას ოფიციალურად გადასცეს, სამართალდამცავი სტრუქტურები ფაქტით დაინტერესდნენ. საგამოძიებო უწყებაში, გოგონას ოჯახის წევრები დაიბარეს და უთხრეს, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნებოდათ. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი, საქმის ახალ ფიგურანტს მობილურ ტელეფონს ჩამოართმევენ, ისინი ტელეფონის ალტერნატიულ ექსპერტიზას მოითხოვენ.
ოჯახის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი საქმის ახალ ფიგურანტს პირადად არ იცნობდა, თუმცა სოციალურ ქსელში ხშირი და ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციიდან კი ირკვევა, გოგონა, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს გარდაცვლილთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, მათ მცდარ ინფორმაციას აწვდის. პროკურატურის ცნობით, აღნიშნული პირი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობის ქვეშ იმყოფება. პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ფიქრობს, რომ გამოძიება ცდილობს გაამყაროს უკანონო დადგენილების მოტივაცია, რითიც საქმეზე გამოძიება შეწყდა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში იპოვეს. გახმაურებული საქმე პროკურატურამ 5 თვიანი გამოძიების შემდეგ დახურა. დადგინდა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის მიმართ, დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.