ზუსტად 18 დღეში სავაჭრო ცენტრები და ბაზრები მუშაობას განაახლებენ. თუმცა აღდგება თუ არა ტრანსპორტის მუშაობა ,ჯერ ისევ გაურკვეველია. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ბიზნესის სხვა სფეროების გახსნაზე იანვრის ბოლოს იმსჯელებს. მისივე განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე არც სასწავლო პროცესის აღდგენა იგეგმება. ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება. თუმცა ტიკარაძე ასევე განმარატავს, რომ კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკის მიმართულებით სრული სტაბილიზაცია შეინიშნება.
კოვაქს პლატფორმა სამედიცინო პერსონალისთვის Pizer-ის ვაქცინის მოწოდებისთვის მზად არის. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შეუფერხებლად შემოტანას უზრუნველყოფს, იანვრის ბოლომდე განხორციელდება. ტიკარაძე არ გამორიცხავს, Pizer-ის ვაქცინას ასტრაზენეკაც დაემატოს. ჯანდაცვის მინისტრი ჩინური ვაქცინის შემოტანის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
განსახვავებულია ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის მოსაზრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოს Pizer-ის ვაქცინის მილიონიანი დოზის შეძენა არ შეუძლია. მიზეზად შესაბამისი ლოჯისტიკური ბაზის არ არსებობას ასახელებს. ცერცვაძის განმარტებით, ვაქცინის შესანახად – 80 გრადუსიანი მაცივრებია საჭირო, რისი რესურსიც საქართველოს არ აქვს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ამტკიცებს, რომ ქვეყანას ამ წუთში Pizer-ის ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა გააჩნია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხები 10-დან 8%-ზე ჩამოვიდა. ბოლო 24 საათში ჩატარებული 19 000-ზე მეტი ტესტიდან 1618 დადებითი აღმოჩნდა, ვირუსს კიდევ 26 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ დედაქალაქში ფიქსირდება. ბოლო მონაცმეებით ქვეყანაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 245 ადამიანია. თავისუფალი საწოლების რაოდენობა კი 3000-მდე გაიზარდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულების 883 პატიმრიდან კოვიდ დადებითი მხოლოდ 1 აღმოჩნდა. იუსტიციის მინისტრის თქმით, 2 იანვარს ასევე ტესტირება ჩატარდა რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა შედეგები ჯერჯერობით არაა ცნობილი.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, გასულ დღე-ღამეში ვირუსი 403-მა ადამიანმა დაამარცხა, ჯამში კი განკურნებულთა რაოდენობა 227 611-მდე გაიზარდა. ინფიცირებულტა საერთო რიცხვი 243 255-ს შეადგენს, ხოლო COVID019-ით 2846 ადამიანია დაღუპული.