საქართველოში ბოლო 24 საათში ჩატარებული 7898 ტესტის შედეგად კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 239 780-ი შეადგინა. ყველაზე მეტი 196 შემთხვევა ისევ თბილისში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე 84 შემთხვევით იმერეთი რჩება, ხოლო მესამე ადგილზე აჭარაა, სადაც ვირუსი 62 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ს კიდევ 23 ადამიანი ემსხვერპლა, რითიც გარდაცვლილთა რიცხვი 2 796-მდე გაიზარდა. 880-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამაც და შედეგად ვირუსისგან უკვე 226 215 ადამიანი განიკურნა.
კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობას ვაქცინაციის სამთავრობო კომიტეტი მიმდინარე კვირაში დაასრულებს. ჯანდაცვის მინიტრის მოადგილე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო ვაქცინას თებერვალში მიიღებს, სისტემა მის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს. თამარ გაბუნიას თქმით პირველ ეტაპზე ქვეყანაში 100 000 ადამიანის ასაცრელად სამყოფი ვაქცინა შემოვა, ვინაიდან 700 000 ბენეფიციარის სამყოფ ვაქცინას ქვეყანა ერთდროულად ვერ მიიღებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც და ეპიდემიოლოგებიც ირწმუნებიან, რომ თუ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული არ იქნება, ქვეყანაში მისი შემოტანა ვერ მოხდება. მათი თქმით ამ ეტაპზე ფაიზერის, ასტრაზენეკას და მოდერნას ვაქცინების შესაძლო შემოტანა განიხილება, რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას – თამარ გაბუნიას თქმით, ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული არ არის.