პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები დღეს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებების შედეგად, ამნისტია სისხლის სამართლის დანაშაულის 44 მუხლს შეეხება, თუმცა, როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, წრის გაფართოება იგეგმება და ის დამატებით 15-20 მუხლს შეეხება.
ერთპარტიული პარლამენტის წევრები განმარტავენ, რომ ამნისტია ჰუმანური აქტია და კანონპროექტის განხილვა საზოგადოების ფართო ჩართულობით უნდა მოხდეს. “ქართული ოცნება” უცვლელის ტოვებს პრინციპს, რომლის მიხედვითაც ამნისტია არ უნდა შეეხოს სქესობრივ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ქურდულ სამყაროს და ორგანიზებულ ჯგუფს. მმართველი გუნდის წევრებმა დღეს ოპონენტებიც გააკრიტიკეს. საკანონმდებლო ორგანოში მარტო დარჩენილი “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ამნისტიის კანონპროექტის განხილვაში ოპოზიციაც ჩაერთოს.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებამდე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ ამნისტია ოჯახური დანაშაულის გარკვეულ კატეგორიას შეეხოს. დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა, “ქართული ოცნების” დეპუტატებისთვის წითელი ხაზია.
ამნისტია დაახლოებით 800 ადამიანს შეეხება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლდება. მათგან 680 სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის. ამნისტიის შედეგად, საპატიმრო დაწესებულებებს 60 ქალი დატოვებს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონპროექტი არ შეეხება პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს, რომელთა გათავისუფლებასაც ოპოზიცია ითხოვს.