აქცია გენერალურ პროკურატურასთან. გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა საქმის შეწყვეტა გააპროტესტეს და გარდაცვლილი შვილის პირადი კომპიუტერის დაბრუნება მოითხოვეს. ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატები კი საგამოძიებო უწყებისგან იმ დადგენილების გადაცემას ითხოვენ, სადაც ნათქვამია, რომ საქმე შეწყეტილია. გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის წევრები და იურისტები გამოძიებას არ ენდობიან და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვენ. მათივე თქმით საქმის დახურვის მიზეზი – საქმეში მონაწილე მაღალჩინოსნებზე ხელის დაფარება გახდა. ბაჩალიაშივლის ოჯახი პერმანენტულ აქციებს და შიმშილობის დაწყებას აანონსებს.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვლების საქმე გენერალურმა პროკურატურამ 5 თვიანი გამოძიების შემდეგ, რამდენიმე დღის წინ დახურა. დადგინდა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის მიმართ, დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.