4 წლიანი თანამშრომლობა დასრულებულია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარის გარეშე რჩება. მოლაპარაკების გადამწყვეტ რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე, გრიგოლ ვაშაძემ გადადგომის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და პარტიასთან არსებულ უთანხოებაზე ღიად ალაპარაკდა. ვაშაძე ამბობს, რომ ის ვერ იქნება იმ გუნდის წევრი, რომელსაც არც გეგმა გააჩნია და არც წარსულის შეცდომების გააზრების უნარი აქვს.
ირკვევა, რომ ვაშაძის უკმაყოფილების მიზეზი პარტიის შიგნით მყოფი ის პირებიც გახდნენ, რომლებსაც ის ოდიოზურ ფიგურებად მოიხსენიებს. ვრცელ განცხადებაში ყოფილი თავმჯდომარე არ ასახელებს მათ სახელებს, თუმცა მიუთითებს, რომ მათთან ერთად წარმატების მიღწევა და ხალხის ნდობის მოპოვება შეუძლებელია.
ვაშაძის პარტიიდან წასვლა მოულოდნელი იყო მისი თანაგუნდელებისთვის. სააკაშვილის პარტიის წევრებმა არ დამალეს, რომ ვაშაძის გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტების მსგავსად, სოციალური ქსელიდან გაიგეს. ხატია დეკანოიძისთვის გაუგებარია გრიგოლ ვაშაძის განცხადების შინაარსიც და ის თუ ვის გულისხობდა ვაშაძე ოდიოზურ ფიგურაში.
რეალურად რის გამო წავიდა პარტიიდან გრიგოლ ვაშაძე და უკავშირდება თუ არა ეს საპარლამენტო ბოიკოტს. პარტიაში ირწმუნებიან, რომ ვაშაძეს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება არ გამოუთქვამს, ამიტომ პარლამენტში მის შესვლას გამორიცხავენ. ჰყავს თუ არა ვაშაძეს თანამოაზრეები გუნდის შიგნით და ელოდებიან თუ არა, პარტიიდან თანაგუნდელების წასვლას – ამაზე “ნაციონალურ მოძრაობაში” პროგნოზების გაკეთება უჭირთ.
ვაშაძის წასვლას დიდ დანკლისად მიაჩნევენ “ძალა ერთობაშიაში” შემავალი სხვა პარტიებიც. რელპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ამით ერთობა დაზიანდება, თუმცა დარწმუნებულია, რომ პარტია ამ გამოწვევას გაუმკლავდება.
გრიგოლ ვაშაძის ხმაურიანი გადაწყვეტილება მმართველ გუნდში დღეს მოიწონეს და ოპონენტი უჩვეულო სიტყვებით შეაქეს. ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და ახლა უკვე მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა, ვაშაძესთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის გადაწყვეტილებების მიღების დროს სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედებდა. ვაშაძის პარტიიდან წასვლას ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა.
მოლაპარაკებების გადამწყვეტ რაუნდამდე ცოტა ხნით ადრე ვაკანტური რჩება არამარტო პარტიის თავმჯდომარის პოსტი, არამედ მთავარი მომლაპარაკებლის ადგილიც. პარტიაში ვარაუდობენ, ვაშაძეს მოლაპარაკებების მაგიდაზე კობა ნაყოფია ჩაანაცვლებს, პარტიის შიგნით კი ახალი თავმჯდომარე, შესაძლოა ნიკა მელია გახდეს.