წამზომი ჩართულია – მოლაპარაკებების საბოლოო, მეოთხე რაუნდი დაიწყო – უკვე ერთ საათზე მეტია ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პარტია ამერიკის ელჩის რეზიდენციაში “ქართულ ოცნებასთან” გადამწყვეტ შეხვედრას მართავს. მთავარ პოლიტიკურ დიალოგამდე ვრცელი კომენტარი გააკეთეს იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეათე მოწვევის პარლემენტში შედიან. გიორგი ვაშაძემ და ალეკო ელისაშვილმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად გამორიცხეს და მედიის ნაწილი მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში დაადანაშაულეს.
მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე 3 დღით ადრე მხარეებმა დღეს საბოლოოდ უნდა გადაწყვიტონ თანხმდებიან თუ არა საერთო პირობებზე და დაინიშნება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. კელი დეგნანის რეზიდენციაში შესვლამდე ოპოზიიცის ლიდერებმა მხოლოდ მცირე კომენტარები გააკეთეს და იმედი დაიტოვეს, რომ მეოთხე რაუნდი კონკრეტული შედეგის მომტანი იქნება.
ერთ-ერთი პირველი ვინც დღე ოპოზიციის ცალკეული ლიდერების პარლამენტში შესვლის საკითხზე ღიად ალაპარაკდა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი იყო. მან სოციალურ ქსელში პირდაპირ დაწერა, რომ ოპოზიციის 6 დეპუტატი პარლამენტში შესვლას გეგმავს, თუმცა მათი სახელები ოქრუაშვილს არ დაუკონკრეტებია.
თანამოაზრეების მყარ პოზიციებში დარწმუნებულია ოპოზიციური პარტიების ის ნაწილი, ვინც დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ვერ მოხვდა. მოლაპარაკების მეოთხე რაუნდამდე რამდენიმე საათით ადრე “ლელოს” ოფისში მისულმა ლიდერებმა თქვეს, რომ პარლამენტში შესვლა პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იქნება.
მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, უნდა გადაწყდეს, იქნება თუ არა მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული. ოპოზიცია ხელისუფლებისგან პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო კოდექსის ცვლილებასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. მმართველი გუნდი კი დათმობაზე წასვლას ჯერ ისევ არ აპირებს.