ვიდრე ოპოზიციური სპექტრი პარლამენტში შესვლა არ შესვლის გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ ჩამოყალიბდება, ცნობილი ხდება, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება. შესაბამისი განკარგულება დღეს პრეზიდენტმა გამოსცა. 11 დეკემბერს დანიშნულ, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის. სხდომას დაესწრება ცესკოს თავმჯდომარეც. პარლამენტის პირველ სხდომას, თავმჯდომარის არჩევამდე, სავარაუდოდ, ლადო კახაძე გაუძღვება. რეგლამენტით, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი უძღვება. მეათე მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი ნაციონალური მოძრაობის სიით გასული ბუბა კიკაბიძეა, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით, პირველი სხდომის წაყვანა “ქართული ოცნების” წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში კი, ლადო კახაძეს მოუწევს.