რუსული კანონი, დემოკრატიის უკუსვლა და ავტორიტარიზმის გაძლიერება საქართველოში – ეს იყო შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე მოსმენის მთავარი თემები. ამერიკელმა სენატორებმა ოლიგარქი ივანიშვილის გუნდი მწვავედ გააკრიტიკეს. სენატორმა ჯიმ რიშმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ქართველ ხალხს ოქტომბერში შესაძლებლობა ექნება, თაღლითები მოაშოროს და საკუთარ ხელში აიღოს მომავალი.
მმართველი პარტიისთვის უმწვავესი კრიტიკა სენატიდან მიუღებელი აღმოჩნდა. სენატში გაკეთებული მწვავე განცხადებების მოსმენის შემდეგ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სენატორებს თაღლითებიც კი უწოდა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობაიძე კი ამბობს, რომ სენატორის განცხადებას არანაირი ფასი არ აქვს იმის შემდეგ, რაც მან “ოცნების” ხელისუფლებას “ვიგინდარა” უწოდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის გამოსვლას სენატში კი “სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში’’ უწოდა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს საკითხზე განხილვა სენატში კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ხელისუფლება ემსახურება კრემლს, რუსეთს და არა საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებს. მათი თქმით, რაც სენატში მოსმენაზე ითქვა, საყურადღებოა. როგორც ოპოზიციონერები ამბობენ ამ მოსმენას დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევანის გაკეთებისთვის, რაც საქართველოს მოქალაქეებმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთონ.
„არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“, – საქართველოს შესახებ ამ სახელწოდებით მოსმენა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გუშინ გაიმართა. საგარეო ურთოერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ და რეპრესიულ პოლიტიკაზე ამერიკელმა კანონმდებლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მომხსენებელი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური იყო. როგორც გიგაურმა თავის მოხსენებაში თქვა, ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. დამატებითი კითხვების ფორმატში გიგაურმა სამოქალაქო საზოგადოების და სიტყვის თავისუფლების საგანგაშო მდგომარეობაზეც ისაუბრა.