ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. ეუთო-ოდირის- ის ინფორმაციით, მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.სადამკვირვებლო მისიას ოუენ მერფი ხელმძღვანელობს. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდებიან. ამასთანავე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ დაემატებათ ODIHR-ის მიერ მოწვეული 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი.
მისიის ხელმძღვანელმა ოუენ მერფიმ პრესკონფერენციაზე უარი თქვა წინმსწრებად შეეფასებინა საარჩევნო გარემო და ის, თუ რა გავლენას ახდენს მასზე რუსული კანონი, თუმცა მიუთითა ოდირის დასკვნაზე, რომელიც უკვე არსებობს.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრებს ჰკითხეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაზეც, თითქოსდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს გამოიყენოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი, როგორც ინსტრუმენტი საქართველოში არჩევნებში ჩარევისთვის და ფერადი რევოლუციის მოსაწყობად.კითხვაზე მერფმა უპასუხა,რომ ნებისმიერი მტკიცება, რომ თითქოს სადამკვირვებლო მისია წინასწარი განწყობით მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
ეუთო შუალედურ ანგარიშს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე წარადგენს. რაც შეეხება საბოლოო ანგარიშს, ის არჩევნების შემდეგ 2-3 თვეში მომზადდება.