გიორგი კალანდარიშვილი „ტვ პირველს“ პერსონალური მონაცემების სავარაუდო უკანონო დამუშავებაში სდებს ბრალს, რისი მიზანიც, მისი თქმით, შესაძლოა, ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა იყოს. კალანდარიშვილი მედიასთან ურთიერთობის გადახედვითაც დაიმუქრა, თუმცა მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ ამაში ტელევიზიისთვის აკრედიტაციის შეჩერებას არ გულისხმობს. ცესკო-ს თავმჯდომარე შიშობს, რომ „ტვ პირველმა“ შესაძლოა მოამზადოს მასალა, რომელიც ადმინისტრაციის თანამშრომლების „ქართულ ოცნებასთან“ შესაძლო კავშირებს შეეხება.
კალანდარიშვილის ბრალდებებს ბრალდებებით პასუხობს „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. „შაბათის ეთერის“ ავტორი ცესკო-ს თავმჯდომარეს გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ნოდარ მელაძის თქმით, რეპორტაჟის მომზადების ფარგლებში, ჟურნალისტებმა ცესკოს თანამშრომლებზე ინფორმაცია: მისამართი და ტელეფონის ნომრები, კანონის სრული დაცვით მოიპოვეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი პარლამენტმა 30 აპრილს დაამტკიცა. კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი მხოლოდ ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობამ და გენდერული კვოტირების გაუქმების სანაცვლოდ, „გირჩის“ დეპუტატებმა დაუჭირეს.