საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მწვავე გზავნილები არ წყდება. პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურ თანაშემწე და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი ამბობს,რომ აშშ გააგრძელებს გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებაზე პასუხისმგებლობა დააკისრონ. ამის შესახებ მან ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია.ამ ტრაექტორიას უკვე საკმაო ხანია ვხედავთ და „უცხოეთის აგენტების კანონი” ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, მმართველი პარტიისგან მომავალი განცხადებებიც შეშფოთების საგანია. ასე რომ ჩვენ მოქმედება დავიწყეთ. შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება, რომელსაც ჩვეულებრივ ვუწევთ ხოლმე საქართველოს მთავრობას; გავატარეთ შეზღუდვის პოლიტიკა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების, სამართალდამცავების, კერძო მოქალაქეების, პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც თანამონაწილენი არიან იმ ქმედებებისა, რომლებიც არღვევენ დემოკრატიულ ნორმებს საქართველოში. ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა.იმის თქმა, რომ ეს მოვლენები შემაშფოთებელია, საკმარისი არაა. საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს”, – მაიკლ კარპენტერი.
რაც შეეხება დამატებითი სანქციების დაწესების პერსპექტივას, ის მიუთითებს, რომ აშშ ამაზე წინასწარ არ საუბრობს, თუმცა ეცდებიან, შესაბამის პირებს კორუფციისა და ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა დააკისრონ.
კარპენტერმა ისაუბრა ასევე 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზეც – მისი თქმით, უკვე შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მაგალითები და პრემიერ-მინისტრის განცხადება პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით. კარპენტერი ხაზს უსვამს, რომ აშშ მომავალ არჩევნებს ახლოდან დააკვირდება.