„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე 2 500 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო. მან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ადმინისტრაციული წესით, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სამართალდამრღვევად ცნო. საუბარია 4 სექტემბერს ირაკლი ეძგვერაძის სახლთან მომხდარ დაპირისპირებაზე.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ პოლიციელები, მათ შორის ისიც, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ირაკლი ნადირაძის დაკავებაში. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატები: ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე 4 სექტემბრის ღამეს დააკავეს. დაპირისპირება ეძგვერაძის სახლთან, გლდანში მოხდა. პოლიციის მხრიდან აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შეეცადა გაერკვია, რატომ იყვნენ ძალოვანები მობილიზებული მის ავტოფარეხთან. შსს-ის ინფორმაციით, პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც, უწყების მტკიცებით, ეძგვერაძე ხელს უშლიდა. ნადირაძე დაკავებიდან რამდენიმე საათში, ხელწერილით გაათავისუფლეს, ეძგვერაძე კი იზოლატორში გადაიყვანეს და 6 სექტემბერს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ადვოკატის განცხადებით, მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეძგვერაძის მორიგი პროცესი ხვალ არის ჩანიშნული. შსს ნადირაძის მსგავსად, მასაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.