„დასავლეთი უნდა მოემზადოს კრიზისისთვის საქართველოში; თბილისი ნეიტრალიტეტისა და რუსეთის გავლენის სფეროსკენ იხრება“, – ამ სათაურით აქვეყნებს საავტორი სტატიას Financial Times-ი. გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა სტატიაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, პოლიტიკურ კრიზისსა და მოახლოებულ არჩევნებზე წერს. ტექსტში ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ რაც ქვეყნის დე ფაქტო ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე იგრძნო, კურსი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეცვალა.
“საქართველო მიმართულებას ცვლის. ოქტომბრის არჩევნების წინ, ის ადამიანები, რომლებიც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წინააღმდეგ არიან, თვლიან, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს ძალაუფლებაზე კონტროლის შესანარჩუნებლად. რუსეთის პოლიტიკური ლიდერები უკვე პროგნოზირებენ ძალადობრივ მოვლენებს არჩევნების შემდეგ. წლების განმავლობაში ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მოძრაობის შემდეგ საქართველოს დე ფაქტო ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა იგრძნო, რომ ძალაუფლებას კარგავს და კურსი შეცვალა. საქართველო ახლა დასავლეთსა და რუსულ სამყაროს შორის არსებული ნაცრისფერი ზონისკენ მიცურავს.
უკრაინის ომმა საქართველოსთვის სრულიად მოულოდნელი შესაძლებლობა გააჩინა, რის შედეგადაც მას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შესთავაზეს. შესაძლოა, ივანიშვილს, ქართველების უმეტესობისგან განსხვავებით, სულაც არ სურდა ეს გაუთვალისწინებელი საჩუქარი. ბლოკის სტანდარტებთან შესაბამისობა და მით უმეტეს გაწევრიანება ნიშნავს, რომ ქვეყნის მართვის სისტემა, მათ შორის სასამართლო, სერიოზულად უნდა გაიწმინდოს. ამიტომ, მთავრობის ბოლო ქმედებების შედეგად, გაწევრიანების პროცესი გაყინულია. მიუხედავად ამისა, ივანიშვილი კვლავ გვპირდება ევროკავშირში გაწევრიანებას 2030 წლისთვის”, – Financial Times-ის სტატია.