ჰელსინკის კომისია MEGOBARI აქტის მიღებაზე და მოსმენა სენატში ენჯეოების წინააღმდეგ რეპრესიებზე | 09.09.2024

აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა ჩაინიშნა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ კანონებსა და რეპრესიების სხვა ინსტრუმენტებზე“ ხუთშაბათს იმსჯელებს. მომხსენებლებს შორის იქნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლებაზე ზეწოლა გაიზრდება იმ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დგამს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფინანსურ სანქციებსაც არ გამორიცხავენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ მთავარი სათქმელი 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა თქვას.

“აშშ-ის სენატის გარდა, ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად მეგობარი აქტის მიღებას აანონსებს ჰელსინკის კომისია. „ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას, როცა ისინი თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების რეალიზებაზე მუშაობენ. MEGOBARI აქტი შექმნილია იმისათვის, რომ გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ აქტის მიღებას“ , – ვკითხულობთ ჰელსინკის კომისიის განცხადებაში, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა.

„მეგობარი აქტის“ ავტორი, აშშ-ის კონგრესმენი და ჰელსინკის ჯგუფის თავმჯდომარე, ჯო უილსონია. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენას დაუპირისპირდეს. ის მოიცავს სანქციებს იმ ქართველ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან. აქტი ითვალისწინებს დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნას საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით. ასევე, მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებასაც განსაზღვრავს, მათ შორის არის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები; და რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.