წულუკიანის უწყებამ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება კულტურის სამინისტრომ გაავრცელა. ტექსტში ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომელიც, უწყების თქმით, „ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევაა“. სამინისტროში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბაქრაძე „სექსისტური განცხადებებით გამოირჩევა“. საუბარია ბაქრაძის მიერ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატებს შეეხებოდა. კულტურის სამინისტროს განცხადებას უკვე უპასუხა ბრალდებების ადრესატმა, ლაშა ბაქრაძემ.