26 ოქტომბრის არჩევნები, როგორც ბოლო ბრძოლა საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად. გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სარედაქციო სტატიით ეხმაურება. ტექსტში ივანიშვილის პარტია პრორუსულ და ავტორიტარულ ჯგუფად არის მოხსენებული. სტატიაში საუბარია, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და ნათქვამია, რომ ეს შესაძლოა ბოლო ბრძოლა იყოს ქართული დემოკრატიის გადასარჩენად, რის გამოც აშშ-მა მეტი უნდა გააკეთოს. სტატიაში საუბარია აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსული კანონის საპასუხოდ მიღებულ ზომებზეც. სტატიის ავტორების თქმით, აშშ-ის ხელისუფლება კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, რათა საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება.
The Washington Post-ი არ არის ერთადერთი გავლენიანი გამოცემა, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ წერს. National Journal-ი სენატორ ჯინ შაჰინთან ინტერვიუს აქვეყნებს. ამერიკელი სენატორი პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას საქართველოში არა დემოკრატია, არამედ დიქტატურა უნდა.
“ერთი რამ, რაც პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, როდესაც შევხვდით, „ქართული ოცნების“ მთავრობას არ სურს გადახედოს გამოთქმულ შეშფოთებას. მისი თხოვნა იყო, შეგვეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება. მათი, რომლებიც შესაძლოა კრიტიკულად იყვნენ განწყობილები „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.
კიდევ უფრო შემაშფოთებელია დანახვა, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება ყველა ოპოზიციური პარტიის დაშლაზე საუბრობს. ისინი ძირითადად ავტოკრატიად გადაქცევაზე საუბრობენ. მათ უნდათ დიქტატურა და არა დემოკრატია.
ვფიქრობ, ძალიან რთულია დანახვა, როგორ გააგრძელებს საქართველო დემოკრატიას, თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება თავდაცვის მინისტრთან, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებზე. ჩვენ ასევე შევხვდით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც იზიარებს ჩვენს მიერ გამოთქმულ შეშფოთებას”, – ჯინ შაჰინი.