„ილიას გზა“ – „ძლიერი საქართველოს“ 9-პუნქტიანი გეგმა და საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია წიწამურში | 06.09.2024

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ წიწამურში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. „ილიას გზა“ – ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც 9-პუნქტიან გეგმას აერთიანებს. „ძლიერი საქართველო“ პირობას დებს, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაში: საქართველო სრულად შეუერთდება ევროკავშირის სანქციებს; შეიქმნება სამუშაო ადგილები; რუსების მიერ მიწის შესყიდვაზე კი დაწესდება შეზღუდვები; ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ნომრის მქონე მანქანების რეალიზაცია ან შემოსვლა აიკრძალება; აიკრძალება რუსული კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობაც; რუსული ბიზნესისთვის კი „საოკუპაციო მოსაკრებელი“ დაწესდება; რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე ხელახალი აკრძალვა დაწესდება; საქართველოში ვეღარ იმაუწყებლებენ რუსული ტელეარხები. ასევე, აიკრძალება რუსული ფონდების საქმიანობა.

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნომერი 9-ით მონაწილეობს. ოპოზიციური კოალიცია აერთიანებს პარტიებს: „ლელო“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“. გაერთიანების წევრია ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“.