“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რუსული კანონის და ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტის გამო რუსეთიდან შექება კიდევ ერთხელ დაიმსახურა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი РБК-სთან ინტერვიუში რუსულ კანონსა და ჰომოფობიურ კანონპროექტს ქართული ოცნების მსგავსი რიტორიკით ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით კმაყოფილია. ლავროვი საქართველოზე საუბრისას დასავლეთს აკრიტიკებს და დემოკრატიული ქვეყნები მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეებად გამოჰყავს. სერგეი ლავროვის თქმით, ის რაც ხდება საქართველოში ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა.
“ის რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, რაც საქართველოში ხდება – ეს საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა და მათ მიერ იმის გააზრება, რომ ქართველ ხალხს აქვს იგივე მართლმადიდებლობის და ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც წაილეკება, წაიშლება და გაითელება იმ ე.წ. წესებით, რომელსაც დასავლეთი ყველას უწესებს – უპირველეს ყოვლისა ლიბერალური დემოკრატიის კონტექსტში. ქართველებს ეს არ აწყობთ. მათ შორის არ აწყობთ ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი თავზე მოხვევა”, – სერგეი ლავროვი.
რუსი დიპლომატი საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში კანონმდებლობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს იწონებს და ამბობს, რომ ამგვარად ქართველები დასავლეთის მხრიდან თავსმოხვეულ ლიბერალურ ღირებულებებს უარყოფენ. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საქართველოში მოქმედ კანონს „აგენტების“ კანონი არ ჰქვია და ის ბევრად რბილია, ვიდრე საფრანგეთისა და პოლონეთში მოქმედი კანონმდებლობა.