შეერთებული შტატები საქართველოსთან ურთიერთობების მრავალმხრივი გადახედვის პოლიტიკას განაგრძობს და შესაძლოა მალე დამატებითი ნაბიჯები გადადგას. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია იმ მიმართულებით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს მოძრაობას და რომელიც ქვეყანას ევროატლანტიკურ ტრაექტორიას აშორებს. მილერის თქმით, შემაშფოთებელია იმ კანონმდებლობის ძალაში შესვლაც, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ არის მიმართული.
“საქართველოს მთავრობა განაგრძობს ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას. იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აშორებს იმ ევროატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს .
ჩვენ გვაშფოთებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა, მათ შორის – კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი.
ორმხრივი ურთიერთობების მრავალმხრივი გადახედვის ფარგლებში, როგორც იცით, ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის – პარტია “ქართული ოცნების” წევრების, პარლამენტარების, სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებისა და სხვა ინდივიდუალური პირებისთვის. ჩვენ შევაჩერეთ $95 მილიონის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა. ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და დამატებით ქმედებებს არ გამოვრიცხავ”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.