რატომ დადის ივანიშვილი საარჩევნო შეხვედრებზე შუშის ბარიერით – პრემიერ კობახიძის რუსული განცხადებები | 04.09.2024

არჩევნებამდე 52 დღით ადრე პრემიერი კობახიძე საარჩევნოდ მძიმე სცენარების განვითარებაზე საუბრობს და პრაქტიკულად იმეორებს რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ არეულობას საქართველოში ოპოზიცია გეგმავს.
დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეგრეთწოდებული კოლექტიური ნაცმოძრაობისა და მისი მფარველების მხრიდან შესაძლოა ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე თავდასხმა მოხდეს, რაც ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის იქნება გამოყენებული.
კობახიძე ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციაში მსჯელობენ იმგვარი სცენარების ხელოვნურად განვითარებაზე, რომლებსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. კობახიძე ახსენებს რეზონანსული კრიმინალური აქტების ე.წ. ინსცენირებას და ამბობს, რომ ხელისუფლება ამ სცენარებისთვის მზად არის.

კობახიძის განცხადებამდე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური წერდა, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას გეგმავს, რის შემდეგაც, არჩევნების გაყალბების მოტივით ქუჩაში გამოსული მომიტინგეები პროტესტის ძალით ჩახშობის იძულების მიზნით სამართალდამცველების პროვოცირებას ეცდებიან. განცხადებებს შორის განსხვავება მხოლოდ ერთია, საგარეო დაზვერვა ე.წ. „ფერადი რევოლუციის“ მოწყობაში პირდაპირ აშშ-ს ადანაშაულებს, კობახიძე კი არჩევნების შემდეგ პროცესების შესაძლო გამწვავებაში ე.წ. გლობალური ომის პარტიის ინტერესს ხედავს.

დღესვე, კობახიძემ განმარტა, რატომ დადის ივანიშვილი საარჩევნო შეხვედრებზე შუშის ბარიერით. ის ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში გადაწყდება, შეძლებს თუ არა გლობალური ომის პარტია საქართველოში საკუთარი გეგმების განხორციელებას და შესაბამისად, რისკენბი გაზრდილია, რადგან სასწორზე მნიშვნელოვანი რამ დევს.

კობახიძის განცხადებას უკვე მოყვა შეფასებები ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თუ ვინმეს აწყობს წინასაარჩევნოდ დაპირისპირება, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნებაა“. ოპოზიცია მმართველი გუნდის მუქარისშემცველ განცხადებებს არჩევნების წაგების შიშით ხსნის.