ბიძინა ივანიშვილი, როგორც მთავარი ბარიერი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს უცხოელი მეგობრები ღიად ამბობენ, რომ დებიძინიზაციის გარეშე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია. ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩანემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ უყვარს ქართველი ხალხი, თუმცა სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს, მათი ოცნებები ვერ ახდება.
“მაპატიეთ ქართველებო, მაგრამ უნდა ვთქვა ეს: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია. ამ ქვეყნის დებიძინიზაციის გარეშე, ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას ამ ქვეყნისთვის, იყოს ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ მხიბლავს, მომწონს ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იყო ევროკავშირის მხრიდან დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ეს უფრო მეტად იყო ქართველი ხალხის წახალისება, არ დანებდნენ. იმის თქმა, რომ ჩვენ ერთად ვართ. არ ვიცი, მოვახერხებთ თუ არა შევიკავოთ თავი იმისგან, რომ არ გავმართოთ დებატები, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის საკითხზე თუკი აქ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. ეს რთული იქნება, მაგრამ პირადად მე დავიწყე ამაზე ფიქრი”, – რასა იუკნევიჩანე.
„ოცნების“ დეზინფორმაციულ კამპანიაზე ისაუბრა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ კრამერმა. მან ივანიშვილის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, მკვეთრად ნეგატიურად შეაფასა და მისთვის პერსონალური სანქციების დაწესების მნიშვნელობა განმარტა.
თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „2024: გარდამტეხი წელი“, დღეს აშშ-ის არჩევნებისადმი მიძღვნილი სესიით დაიხურა. კონფერენციის ორგანიზატორი მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრია. მასში ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, დიპლომატები, მკვლევრები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.