სასწორის რომელ პინას აირჩევს საკონსტიტუციო სასამართლო და შეძლებს თუ არა ის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელების განხილვა გრძელდება. სასამართლოში შესული სარჩელები ერთ საქმედაა გაერთიანებული. პლენუმს სიტყვით უკვე მიმართეს პრეზიდენტის წარმომადგენელებმა ეკა ბესელიამ და გიორგი ბურჯანაძემ.
პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ რუსული კანონი 1-ელი სექტემბრიდან კიდევ უფრო სახიფათო გახდება, რადგან მისი მსუსხავი და რეპრესიული ზომები ამოქმედდება. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო აქტის შეჩერებით არავინ დაზიანდება, გარდა იმისა, რომ რამდენიმე ადამიანს შესაძლოა ნერვები მოეშალოს.
პლენუმს საკუთარი არგუმენტები წარუდგინეს საქართველოს პარლამენტის წევრებმაც. მათ კიდევ ერთხელ განმარტეს რა ზიანი მოუტანა ქვეყანას „ოცნების“ მიერ მიღებულმა რუსულმა კანონმა და როგორ შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რეპრესიული კანონის მოქმედების შეჩერებით საქართველოს ევროატლანტიკური კურსის გადარჩენა.
პლენუმის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა რუსულ კანონს ბოიკოტი გამოუცხადა და “ღირსებისშემლახველ რეესტრში” რეგისტრაციაზე უარი განაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლოში „მთის ამბების“ რედაქტორმა თქვა, რომ თუ კანონის მოქმედება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ შეჩერდება, მაშინ შესაძლოა გადამწყვეტ არჩევნებამდე კრიტიკული მედიის ნაწილი უბრალოდ დაიხუროს.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელზე მომხსენებლები საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე და IDFI-ს იურისტი გიორგი დავითური არიან.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატიდან ქრისტინე კუპრავა, რუსული კანონის დაცვას ამ არგუმენტით შეეცადა.
პარლამენტის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის ინტერესებს მხოლოდ იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები იცავენ. პროცესზე, რომელიც დილის 11 საათიდან მიმდინარეობს „ოცნებიდან“ არავინ მისულა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოპასუხე მხარეს ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე იქნებოდნენ, თუმცა დღეს ისინი საკონსტიტუციოში არ მისულან. მიზეზით დაინტერესდა კოლეგიის თავმჯდომარე მერაბ ტურავა, რომელსაც პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა უპასუხეს, რომ დეპუტატები იმ შემთხვევაში მივლენ პროცესზე, თუ თავად ჩათვლიან საჭიროდ. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, დღეს 9-კაციან კოლეგიას ერთი მოსამართლე აკლია – ირინა იმერლიშვილი სხდომას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ესწრება.