გადამწყვეტ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ივანიშვილის ხელისუფლება ოპოზიციაზე წნეხს აძლიერებს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა დღეს ბრიფინგზე ოპოზიციურ პარტიებს ფინანსური ანგარიშგება დაუწუნა, უცხოეთიდან შესაძლო დაფინანსების თაობაზე „ოცნების“ რიტორიკა გაიმეორა და პარტიებს ფინანსური ჯარიმებით დაემუქრა. რაჟდენ კუპრაშვილი, რომელიც თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა, ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. ანტიკორუფციული ბიურო პარტიებს ფინანსური ანგარიშგების წარდგენისთვის ვადას 31 აგვისტომდე აძლევს.
რაჟდენ კუპრაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე მხოლოდ ოპოზიციის, თითქოსდა, გაუმჭვირვალე ფინანსებზე საუბრობდა. ეს მაშინ, როცა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს არაფერი უთქვამს „ქართული ოცნების“ ფინანსებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ამ კონტექსტში მან მხოლოდ ის თქვა, რომ მედიას შეუძლია ფინანსური დეკლარაციების შემოწმება, მათ შორის, მმართველი პარტიისაც.
რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განსაკუთრებული აქცენტი ლევან ცუცქირიძის პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანზე“ გააკეთა. კუპრაშვილის თქმით, ამ ორგანიზაციამ ღიად გააკეთა პოლიტიკური გზავნილები, ამიტომაც, ანტიკორუფციულმა ბიურომ ლევან ცუცქირიძესა და ორგანიზაციის 24 წევრს ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაავალა. ამას განცხადებით გამოეხმაურა „თავისუფლების მოედანი“, რომელმაც კუპრაშვილის ბრალდებებს სამარცხვინო და სამწუხარო ტყუილი უწოდა. ორგანიზაცია „ოცნების“ მხრიდან განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობაზე მიუთითებს.