საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს, ოფიციალურად, დანიშნა. სალომე ზურაბიშვილმა განკარგულებას ხელი ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, მედიის თანდასწრებით მოაწერა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განმარტა მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა და თქვა, რომ მას რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს, რადგან უნდა გადაწყდეს, რას ირჩევს ხალხი: რუსეთს თუ ევროპას.
პრეზიდენტმა ბრიფინგზე შეაფასა ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებებიც. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 29 აპრილს ოლიგარქმა ხალხს საომარი სიტყვით მიმართა და ომი გამოუცხადა ქვეყნის პატრიოტებს შიგნით, გარეთ კი საქართველოს ერთგულ პარტნიორებს. პრეზიდენტის შეფასებით, ივანიშვილმა საკუთარი საომარი სიტყვით ქვეყანაში ერთპიროვნული დიქტატურა დააანონსა.
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ახლა არა ნიჰილიზმის, არამედ გადარჩენის დროა. პრორუსული ხელისუფლების მიერ ღიად დაანონსებული დიქტატურის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი.