“ქართული ოცნების” განცხადება 2008 წლის ომის შესახებ რუსეთისთვის საქართველოს წინააღმდეგ სასარგებლო არგუმენტი ხდება. გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება გაიმეორა 2008 წლის აგვისტოსთან ომთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე. გაერო-ში გამართულ პრესკონფერენციაზე სწორედ “ქართული ოცნების’’ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან ციტატით უპასუხა მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწოდებას საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ.
“უპირველეს ყოვლისა, ყოველ წელს ჩვენ ძალიან გვაკვირვებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკური სურვილი, განიხილონ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სააკაშვილის აგრესიის საკითხი, იმ ფაქტების, რომლებიც იხსნება და საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გათვალისწინებით, ეს სულ უფრო მოგვაგონებს მაზოხისტურ სავარჯიშოს. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. უბრალოდ, თქვენი ნებართვით, წავიკითხავ საქართველოს პარტიის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, ეს არის პირდაპირი ციტატა: ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო… ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.შეეცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები მოგვიანებით, როდესაც ჩვენი დასავლელი კოლეგები გამოვლენ ამ ტრიბუნასთან და დაიწყებენ თქვენ მოტყუებას იმის შესახებ, რა მოხდა იმ მომენტში”, – დმიტრი პოლიანსკი.
გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას მოჰყვა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს ტრიბუნიდან რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიებიდან რუსი ჯარების გაყვანისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდეს. სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტასა და სლოვენიის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების – დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა. ერთობლივი განაცხადება. გაერო-ში მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ფრანჩესკა გატიმ წაიკითხა.
“ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და უწყვეტ უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს და უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით ევროკავშირის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი თავისი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან”, – ფრანჩესკა გატი.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც “ნაციონალური მოძრაობის გასამართლება” დააანონსა.
ჰაიდი ტალიავინის ბოლო ინტერვიუს შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა და კიდევ ერთხელ დააანონსა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება. მმართველი პარტია ომის დაწყებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და 2008 წლის მოვლენებს „წინასწარ დაგეგმილ ღალატს“ უწოდებს.