აგვისტოს პირველ რვა დღეში, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 1,7 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შემოწირულება მიიღო. ეს თითქმის ხუთჯერ აღემატება დანარჩენი შვიდი პარტიის მიერ მიღებულ თანხას. მონაცემები ხელმისაწვდომია ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტზე. „ქართულმა ოცნებამ“ აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულება 8 აგვისტოს მიიღო – თანხის ოდენობა 553 ათასი ლარია. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კოლოსალური შემოსავლების მიღებით ანტიკორუფციული სააგენტო უნდა დაინტერესდეს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ქართული ოცნება” ხალხის ფულს მისთვის სასურველ კომპანიებს უნაწილებს, რომლებიც მილიონებს შოულობენ და შემდეგ „ქართული ოცნების” შემომწირველებად გვევლინებიან.
“ოცნებას” აგვისტოში დიდი რაოდენობით თანხა 20-მდე პირმა ჩაურიცხა, მათ შორისაა “ქართუ ბანკის” დირექტორი ნატო ხაინდრავა. ხაინდრავამ ოლიგარქის პარტიას 40 000 ლარი შესწირა. სხვა შემწირველების შესახებ კი მხოლოდ სახელები და გვარებია ცნობილია, გაურკვეველია მათი შემოსავლების წარმომავლობა. პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ვარაუდობს,რომ პოლიტიკური კორუფციით და ქოლცენტრებიდან თაღლითურად ნაშოვნ ფულს სწორედ შემწირულობის გზით აბრუნებენ პარტიულ ყულაბაში.