სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე გარდაცვლილი 34 წლის ალპინისტის არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი ნაპოვნია | 12.08.2024

სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 34 წლის ალპინისტის არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი ნაპოვნია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ის დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

უბედური შემთხვევა გუშინ, 11 აგვისტოს მოხდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახური მთამსვლელების ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ცობილი მთამსვლელი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მასთან ერთად მყოფი სამი მთამსვლელი კი მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.
მწვერვალ შხელდაზე მყოფი 3 მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადაიყვანეს.