ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს არ შეხვდა. სენატორმა შაჰინმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილთან სუაბრის სურვილი ჰქონდა თუმცა, პასუხად უარი მიიღო. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილს ეშინია იმ პასუხისმგებლობის, რომელსაც მას ანტოდემოკრატიული ნაბიჯების გამო პარტნიორები დააკისრებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, აქვს მიზეზი, რის გამოც არ ხვდება ქვეყანაში ჩამოსულ ამერიკელ სენატორებს.
ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენსაც. როგორც მაშინ, 14 მაისს, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ივანიშვილი „შანტაჟის ქვეშ“ შეხვედრებს ვერ გამართავდა.
ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. აშშ-ის საელჩომ ინფორმაციის გავრცელების დროს ხაზი გაუსვა, რომ ეს ვიზიტი ორპარტიულია. სენატორმა და კონგრესმენმა პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართეს. ისინი ასევე შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, აშშ-ის სენატორმა, ჯინ შაჰინმა პრემიერთან შეხვედრის შეფასებისას თქვა, რომ, ამერიკას სურს საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელება, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ამ ურთიერთობების გაგრძელებით“.
სენატორი და კონგრესმენი ასევე შეხვდნენ თავადაცვის მინისტრს ირაკლი ჩიქოვანს, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წევრებს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.