“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, მათი თანაავტორობით ჩატარებული საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად აღმოჩენილია ივანიშვილების ოჯახის მოსკოვში მდებარე რეზიდენციები და მიწის ნაკვეთები. საუბარია მოსკოვის ორ პრესტიჟულ რაიონში, სოკოლსა და ოდინცოვოში, მდებარე 2 კერძო საცხოვრებელ სახლზე , რომელთაგან ერთ-ერთს ესაზღვრება 9 მომიჯნავე მიწის ნაკვეთისგან შემდგარი 52,749 კვ.მ ფართობის ეზო, მათზე არსებული 3 ავტოფარეხითა და 9 დამხმარე ნაგებობით. ორგანიზაციის ცნობით, აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია. გარდა ამისა, გამოძიების მიხედვით, მოსკოვური ქონების უდიდესი ნაწილის შეძენა და რეგისტრაცია ივანიშვილის ცოლის ეკატერინე ხვედელიძის სახელზე ბოლო წლებში – 2021 და 2024 წელს მოხდა.
“ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით 9,000 დოლარად აქირავებს და ამ გზით შემოსავალს იღებს; ხოლო თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი, ვითიბი ბანკი და სბერბანკი. ქონებები რეგისტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის, მისი შვილის, უტა ივანიშვილისა და რუსული კომპანია შპს „აკვა-სფეისის“ სახელზე. ამ უკანასკნელს ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით ფლობს. მოსკოვური ქონების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს 2013 წელს პრემიერის რანგში შევსებულ ერთადერთ დეკლარაციაში ნახსენები აქვს. თუმცა, ქონების უდიდესი ნაწილის შეძენა და რეგისტრაცია ეკატერინე ხვედელიძის სახელზე ბოლო წლებში 2021 და 2024 წელს, სულ რამდენიმე თვის წინ, მოხდა. ამასთან, ახლად რეგისტრირებული ქონებიდან ნაწილს მანამდე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ფლობდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის 2011 წლის დაპირება, რუსეთთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტის შესახებ, რასაც დღემდე აჟღერებენ მმართველი პარტიის პირველი პირები, ტყუილი იყო. კავშირის გაწყვეტის ნაცვლად, მისი ოჯახი მოსკოვური ქონების გაფართოებითაა დაკავებული” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.