რუსეთი იძულებული გახდა აგრესორი საქართველოსთვის მშვიდობა ეიძულებინა – ზახაროვა | 08.08.2024

2008 წლის ომის შესახებ განცხადებას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ რუსეთი იძულებული გახდა აგრესორი საქართველოსთვის მშვიდობა ეიძულებინა და ეგრეთწოდებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ეღიარებინა.

ზახაროვა განცხადებაში საუბრობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, „დამოუკიდებლობის“ აღიარებისა და ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობაზე და წერს, რომ „საქართველო-სამხრეთ ოსეთსა და საქართველო-აფხაზეთს შორის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესი უნდა დაიწყოს, შემდგომი დემარკაციისთვის. საქართველომ კი ხელი უნდა მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას.

“აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ. დიდწილად ამ მოლაპარაკების პლატფორმის და მისი ეგიდით შექმნილი მხარეებს შორის ურთიერთქმედების მექანიზმების წყალობით, შესაძლებელია სამი სახელმწიფოს საზღვრებზე შედარებით სიმშვიდის შენარჩუნება და იქ წარმოქმნილი დაძაბულობის კერების ოპერატიულად შეჩერება.
თუმცა მიგვაჩნია, რომ დისკუსიის მონაწილეებმა უფრო მეტად უნდა გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი, უპირველეს ყოვლისა, დაიწყონ შეთანხმების შემუშავება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ერთი მხრივ, თბილისს და მეორეს მხრივ სოხუმს და ცხინვალს შორის. ასეთი სამართლებრივი ვალდებულებების მიღება მიგვაჩნია საიმედო გარანტიად 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორებისგან დასაცავად. სასაზღვრო რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციაში რეალური წვლილი უნდა იყოს ქართულ-სამხრეთ ოსეთის და ქართულ-აფხაზური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკაციის გზით.
ამ ამოცანების აქტუალობა ბოლო დროს გაიზარდა, რადგან ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აძლიერებენ მცდელობებს ისარგებლონ შიდარეგიონული წინააღმდეგობებით, რუსეთის საზღვრებზე სიტუაციის ესკალაციის აშკარა მიზნის მისაღწევად”, – მარია ზახაროვა.