ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ სახდეპის სპიკერზე დაყრდნობით წერს.
“ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ცნობებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის”, – მითხრა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობდა. სასამართლო პროცესის შემდეგ, რომელიც სამართლიან სასამართლოზე მის უფლების დარღვევით მიმდინარეობდა, ის 2023 წლის მაისში შეიწყალეს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და დევნის გამო სამშობლო დატოვა. სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ის ამჟამად გლდანის ციხეში იმყოფება. მას 4 აგვისტოს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. სადიგოვის ადვოკატი შეფარდებული პატიმრობის სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს. სადიგოვის ოჯახის განხადებით მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ მას თურქეთში გამგზავრების საშუალება არ მისცე და აცნობა, რომ მას მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო გამგზავრება. სადიგოვის ოჯახი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები აზერბაიჯანის მთავრობის მიერ მისი კრიტიკული ჟურნალისტიკის საპასუხოდაა შეკერილი.