რუსულ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ გმობენ საერთაშორისო პარტნიორები და რუსეთს ვალდებულებებს კიდევ ერთხელ ახსენებენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ევროპარლამენტის მხარდაჭერა ურყევი რჩება.
აგვისტოს ომის 16 წლის თავს განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი. ბორელის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დარღვევა გრძელდება, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებების შედეგად.
“7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 16 წელი შესრულდება. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია.ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდება, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებების შედეგად. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა მსხვერპლისთვის. კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სრულად ერთგულნი ვრჩებით, მათ შორის ევროკავშირის ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის რანგში, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობის საშუალებით”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.