დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს, მათგან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა. სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. 4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.