საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. აქამდე მესამე პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არც ერთ მიმდინარე საქმეზე არ ჰქონდა შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდის სასჯელს. პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ მას შემდეგ დააყენა, რაც საზღვრისკვეთის საქმეზე მოსამართლე შეიცვალა. შესაბამისად, ახლა თითქმის ბოლოში გასული საქმის, თავიდან განხილვა უნდა დაიწყოს. პატიმრობას მართლმსაჯულების დაცინვას უწოდებს თავად მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სასამართლოს დისტანციურად, კლინიკა „ვივა მედიდან“ ჩაერთო და ოლიგარქ ივანიშვილს რიტორიკული შეკითხვით მიმართა.
მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააყალბებს. მისი თქმით, ოპოზიციამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ბიძინა ივანიშვილის გეგმები ჩაიშალოს.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. ეს საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.