ივანიშვილის პრორუსული პოლიტიკის გამო ევროკავშირი კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს აანონსებს. საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს. მიზეზი: „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რუსული კანონია, რომელიც პირველი აგვისტოდან ოფიციალურად ამოქმედდა. პიტერ სტანოს ამ განცხადებას საგანგაშოს უწოდებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები დასავლეთთან ურთიერთობის მიზანმიმართულ გაფუჭებაზე პასუხისმგებლობას ივანიშვილის პარტიას აკისრებენ. მათი თქმით, რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქართველ ხალხს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება თუ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება.
პარტნიორების მხრიდან ქვეყნისთვის განსაზღვრული დახმარებების გაჩერებას ოპოზიციისთვის ჟანგბადის მიწოდებად აფასებს „ქართული ოცნება“. რუსული კანონის მიმღები დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ამ დახმარებების შეჩერება მოქალაქეებზე არ ისახება. მათი თქმით, ეს თანხები საკმაოდ მცირეა და, ძირითადად, პარტნიორების პროგრამების განხორციელებას და მათი სტაფის მომსახურებას ხმარდება.
რუსული კანონის მიღების შემდეგ „ოცნების“ წევრების, დარბევებში მონაწილე სამართალდამცავების და მათი ოჯახების წინააღმდეგ აშშ-მა სავიზო სანქციების პირველი ტრანში 2024 წლის 6 ივნისს გამოაცხადა. გარდა ამისა, შტატებმა საქართველოსთან თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო ერთობლივი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ და შეაჩერა 95 მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. საპასუხო ზომები მიიღო ევროკავშირმაც. შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და გაიყინა 30 მილიონი ევრო, რომელიც საქართველოს თავდაცვის გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა. საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დაიწყო დანიამაც. პარტნიორმა ქვეყანამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო დახმარება შეწყვიტა, რომლის ბიუჯეტი 71.5 მილიონ დანიურ კრონას შეადგენდა.