” ერთად გავიმარჯვებთ! – “ძლიერი საქართველო” საარჩევნო კამპანიას ხსნის და გამსხვილებისთვის ემზადება | 02.08.2024

ოპოზიციური გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს. ასე ქვია მამუკა ხაზარაძის, ანა დოლიძისა და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკურ ერთობას, რომელმაც კოალიციის გეგმებსა და სტრატეგიაზე გუშინ გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრეს. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ „ძლიერი საქართველო“ 50 მუნიციპალიტეტში ჩასვლას და საარჩევნო შტაბების გახსნას გეგმავს. პარალელურად, გრძელდება მოლაპარაკებები პოლიტიკურ ერთობაში ახალი სახეების გაერთიანებაზე. დაანონსებულია, რომ კოალიცია გამსხვილდება.

საარჩევნო კამპანიის გახნის ღონისძიებაზე „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს „ძლიერი საქართველოს“ სახით რეალური ალტერნატივა შესთავაზეს. გაერთიანების ლიდერების თქმით, 26 ოქტომბერს აუცილებლად შეიცვლება ის მძიმე ვითარება, რომელშიც საქართველო ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო აღმოჩნდა.

მამუკა ხაზარაძემ, ანა დოლიძემ და ლევან ცუცქირიძემ ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნის შესახებ 17 ივლისს განაცხადეს. „ლელო საქართველოსთვის“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ საარჩევნო ნომერი 9 იქნება.