აშშ მზადაა განახორციელოს ნებისმიერი დამატებითი ქმედება – ვედანტ პატელი | 01.08.2024

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონიანი პირდაპირი დახმარების შეწყვეტას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ნაბიჯი “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ცრუ განცხადებების გამო გადაიდგა. მისივე თქმით, ახლა “პოლიტიკის გადახედვა” მიმდინარეობს და აშშ მზადაა განახორციელოს “ნებისმიერი დამატებითი ქმედება”.

“სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას, რაც ითვალისწინებდა სარგებელს საქართველოს მთავრობისთვის. აშშ-ი ამ ნაბიჯს დგამს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ცრუ განცხადებების გამო, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებთან. უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის თითქმის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებით მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ, აშორებს ქვეყანას მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებიდან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას უცხოური გავლენის კანონისა და სხვა პრობლემური კანონმდებლობის გაუქმებით. ჩვენი ორმხრივი კავშირები ახლა გამორჩეულად რთულ მომენტშია, შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი ხალხისადმი და მათი მისწრაფებები აბსოლუტურად მდგრადია, ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამებსა და აქტივობებს მხარდაჭერას, რომლებიც სასარგებლო იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერებით დავეხმარებით დამოუკიდებელ მედიას და ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ განვითარებას. პოლიტიკის გადახედვა ახლა მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ განვახორციელოთ ნებისმიერი დამატებითი და შესაბამისი ქმედება, როგორც ეს საჭირო იქნება. ზოგიერთ შემთხვევაში დახმარების პროგრამები შეიძლება შეიცვალოს, რათა რესურსები გადამისამართდეს კონკრეტულ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე,”- აცხადებს პატელი.