„საქართველოს შეტრიალებით ბედნიერი მხოლოდ რუსეთია“ – მორიგი მკაცრი გზავნილები “ოცნებას” სენატიდან | 31.07.2024

„საქართველოს შეტრიალებით ბედნიერი მხარე რუსეთია“ – 30 ივლისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა ევროპის მომავლის შესახებ, სადაც საქართველოს შესახებაც იმსჯელეს. კომიტეტმა მოუსმინა ჯეიმს ო’ბრაიენს, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. სანქციების მთავარმა კოორდინატმა სენატში მოსმენის დროს განაცხადა რომ აშშ საქართველოსთან მიმართებით სანქციების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ო ბრაიენმა სხდომაზე თქვა, რომ საქართველოს უკან დასაბრუნებელი გზა კიდევ აქვს.
სხდომა, რომელიც გუშინ გაიმართა, სენატორმა შაჰინმა მოიწვია. ჯინ შაჰინი საქართველოს უკუსვით და რუსული კანონის დამტკიცებით შეშფოთებულია. სენატორი ამბობს რომ საქართველოს მთავრობამ EU-ში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა. სენატორის მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და დააწესოს “ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე და იმ ქმედებებზე, რომლებმაც საქართველოში ახლანდელი სიტუაცია გამოიწვია.

ჯიმ ო’ბრაიენმა თქვა, რომ ამ პროცესებით კმაყოფილი მხოლოდ მოსკოვია: ობრაიენმა სხდომაზე საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და მოახლოებული არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე გაამახვილა ყურადღება.
ერთადერთი ვინც, მთავრობის მიერ ევროატლანტიკური გზიდან გადახვევით კმაყოფილია,- რუსეთია. თუ თქვენ დააკვირდებით კრემლის მთავარი პროპაგანდისტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ისინი მიესალმებიან საქართველოს კურსის ცვლილებას. რუსეთმა თავისი საზღვაო ფლოტი აფხაზეთში გადაიტანა. ამიტომ საქართველოს მთავრობის რიტორიკა, რომ რუსული კანონის მიღება ნეიტრალური ნაბიჯია, ვფიქრობ, უარყოფილია იმით, რაც ხდება.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება და რომ ქართული მხარე მოლოდინის რეჟიმშია. კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ამერიკელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ გაჟღერებულ კრიტიკულ გზავნილებზე, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებზე. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი და თქვა, რომ მან ბევრი რამ გააფუჭა ურთიერთობებში. რაც შეეხება კითხვას, აქვთ თუ არა მოლოდინი გუნდში, რომ სანქციები დაწესდება მათ წინააღმდეგ, პასუხობს, რომ ეს თემა საინტერესო არ არის.

28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „რუსული კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა. რუსული კანონის მიღებას წინ უძღოდა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. კანონის ამოქმედების შემდეგ საპასუხო ნაბიჯები გადადგეს დასავლელმა პარტნიორებმაც. შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ასევე ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გაყინა. გარდა ამისა, შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებს. ორმხრივი ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადაიდო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“.